ხაფანგი
წიგნი I ემილ ზოლა (1840-1902)
XIX საუკუნის მეორე ნახევრის რეალიზმის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი, ე.წ. ნატურალისტული მოძრაობის თავკაცი და თეორეტიკოსი ემილ ზოლა (სრული სახელი - ემილ ედუარდ შარლ ანტუან ზოლა) საუკუნის ბოლო 30 წლის განმავლობაში საფრანგეთის ლიტერატურული ცხოვრების შუაგულში იდგა და მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა იმდროინდელ გამოჩენილ მწერლებთან: გუსტავ ფლობერთან, ალფონს დოდესთან, ედმონ გონკურთან, ივან ტურგენევთან, გი დე მოპასანთან.
იტალიური წარმოშობის (მისი საწყისი გვარი იკითხება როგორც ძოლა) ინჟინრის შვილმა, ემილ ზოლამ ლიტერატურული საქმიანობა ჟურნალისტის ამპლუაში დაიწყო და თანამშრომლობდა ისეთ ცნობილ გამოცემებთან, როგორებიცაა: L’Evénement, Le Figaro, Le Rappel, Tribune. მისი პირველი რომანების დიდი ნაწილი ე.წ. „რომან-ფელეტონის“ ტიპური ნიმუშია, ხოლო შემდგომი შემოქმედებითი მოღვაწეობის დროსაც არ დაუკარგავს კავშირი პუბლიცისტიკასთან. ზოლა აქტიურად მონაწილეობდა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში.
ზოლას სამწერლო ბიოგრაფია 60-იან წლებში იღებს სათავეს. სრულიად ახალგაზრდამ ჩაიფიქრა საკუთარი შემოქმედების მთავარი ქმნილება - ოცტომიანი სერია „რუგონ-მაკარები“, რომლის ნაწილსაც ქართველი მკითხველი „ჩემი რჩეული მსოფლიოს“ ექვსტომეულის სახით გაეცნობა. ესენია რომანები: „ხაფანგი“, „ქალთა ბედნიერება“, „ნანა“, „ფული“. როგორც თავად აღნიშნავდა, ამ სერიით სურდა, „მეორე იმპერიის ეპოქის ერთი ოჯახის ბუნებრივი და სოციალური ისტორია“ გადმოეცა. რომანების სიუჟეტების ნაირფეროვნება საშუალებას აძლევდა, ერის ცხოვრების სხვადასხვა მხარე გადმოეცა. პირველ წიგნებს დიდი რეზონანსი არ გამოუწვევია და განსაკუთრებული წარმატება რიგით მეშვიდე რომანმა - „ხაფანგმა“ მოუტანა, რასაც მატერიალური კეთილდღეობაც მოჰყვა. მწერალმა პარიზის მახლობლად სახლი იყიდა, თანამოაზრე ახალგაზრდა კოლეგების (მათ შორის იყო გი დე მოპასანიც) წრე შემოიკრიბა და ე.წ. „ნატურალისტური სკოლა“ ჩამოაყალიბა. სერიის მომდევნო თხზულებებმა საზოგადოების უდიდესი ინტერესი გამოიწვია, თუმცა ამ ინტერესს არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვებოდა: მკითხველთა ნაწილი მისთვის ქების სიტყვებს არ იშურებდა, ნაწილი კი დაუნდობლად აკრიტიკებდა.
ემილ ზოლა პირველი ევროპელი მწერალი იყო, რომელმაც ერთი ოჯახის შესახებ რომანების მთელი სერია შექმნა. შემდგომში მას ბევრმა გამოჩენილმა კოლეგამ მიმართა, მათ შორის - ჯონ გოლსუორთიმ („ფორსაიტების საგა“).
ციკლის დასრულების დროისთვის (1900-1901), ემილ ზოლა მსოფლიო დიდებით სარგებლობდა და, საყოველთაო შეხედულებით, ვიქტორ ჰიუგოსთან ერთად, ყველაზე გამოჩენილ ფრანგ მწერლად მიიჩნეოდა. მანამდე რამდენიმე წლით ადრე მან ხმა აიმაღლა იმდროინდელ გახმაურებულ სასამართლო პროცესთან დაკავშირებით (1897-1898): გერმანიისთვის სამხედრო საიდუმლოს მიყიდვის ბრალდებით გასამართლებული ალფრედ დრეიფუსის დასაცავად, რესპუბლიკის პრეზიდენტს მისწერა ღია წერილი სახელწოდებით „ბრალს ვდებ“, სადაც აღნიშნავდა, რომ გენშტაბის ოფიცერი დრეიფუსი სამხედრო მაღალჩინოსანთა შეცდომის მსხვერპლი იყო. ამ პოლიტიკური ნაბიჯისთვის ემილ ზოლას, ცილისწამების ბრალდებით, ერთწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, რასაც ლონდონში გაქცევით აარიდა თავი.
სამშობლოში 1899 წელს დაბრუნდა, ხოლო 1902 წლის 28 სექტემბერს პარიზში, საკუთარ სახლში მოულოდნელად გარდაიცვალა. მიზეზად მხუთავი აირით მოწამვლას (ბუხრის გამწოვის გაუმართაობის გამო) ასახელებდნენ, თუმცა, მოარული ხმებით, პოლიტიკური მოტივით მკვლელობის ვერსიაც ვრცელდებოდა.